იაპონელი გოგონა, სამყარო კოპლებით, ხელოვნებად ქცეული ტრავმები და ბრძოლა კაცების სამყაროში

0
131

“მეც ერთი რიგითი წერტილი ვარ ამ სამყაროში”, –

იაიოი კუსამა

white-and-red textiles

გოგონა ჰალუცინაციებით

1929 წელს იაპონიაში, მდიდარ ოჯახში დაიბადა (არა)ჩვეულებრივი გოგონა.

ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა მისი ცხოვრება, რომ არა ის ემოციური და ფსიქოლოგიური ტრავმები, რაც ამ მგრძნობიარე ბავშვმა ადრეულ ასაკში მიიღო.

გოგონას ხატვა სურდა, რასაც დედამისი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა. ეუბნებოდა, რომ გოგოს არ უნდა ეხატა, ერთ დრსაც მდიდარ კაცზე უნდა გათხოვილიყო და დიასახლისი გამხდარიყო.

იაიოი კუსამა კი თავისას არ იშლიდა და მაინც ხატავდა, რის გამოც, დედა ხშირად სცემდა, საღებავებსა და სახატავ მოწყობილობებს უყრიდა.

ეს იაიოისთვის ძალიან მტკივნეული იყო. თუმცა, გოგონას უფრო ადრეული ტრავმებიც ჰქონდა.

მამა დედას ღალატობდა. ქალი კი შვილს ავალებდა მამის თვალთვალს. არაერთხელ დაუნახავს პატარა იაიოის მამა საყვარლებთან ერთად, რამას საბოლოოდ ისეთი მძიმე ფსიქოლოგიური კვალი დატოვა მასზე, რომ სექსის მიმართ ობსესიური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა.

საერთოდ არ სურდა, ოდესმე სექსით დაკავებულიყო ვინმესთან. მოზრდილობის ასაკში კი ამ ფობიის დასაძლევად ხელოვნებას მიმართა და არაერთი სკულპტურა და პერფორმანსი შექმნა, სადაც მთავარ თემას ფალიკური სიმბოლოები და სიშიშვლე წარმოადგენდა.

იაიოიმ ხატვა ათი წლის ასაკში დაიწყო. ამავე პერიოდში დაეწყო მას ჰალუცინაციები.

ხელოვნების კრიტიკოსების შეფასებით, ისინი იაიოის ნამუშევრებს ავაგარდისა და პოპ-არტის ჟანრად აღიქვამენ, მის ფსიქოდელიურ ინსტალაციებსა და უჩვეულო პერფორმანესებს კი – ეპატაჟურად.

თუმცა, რეალურად, იაიოი მრავალი წლის შემდეგაც საკუთარ ჰალუცინაციებს ხატავს და გადმოსცემს. მისთვის ხელოვნება თვითგადარჩენისა და მკურნალობის ერთადერთი მეთოდია.

იაიოის ამერიკული ოცნება

კუსამას სულიერი და ფსიქოლოგიური მოთხოვნილება ჰქონდა, ეხატა. რასაც გოგონას დედა, ალბათ თავის მხრივ ქმრის გამუდმებული ღალატისგან არანაკლებ ტრავმირებული ქალი, არაფრის დიდებით არ ეგუებოდა.

დედასთან გამუდმებული ბრძოლის შემდეგ, კუსამამ თავისი ექიმის რცევით, გადაწყვიტა, ამერიკაში გამგზავრებულიყო.

დედამ ერთ-ერთი ბოლო ჩხუბის დროს გოგონა ფაქტობრივ გააგდო სახლიდან. 1,000,000 იენი მისცა და უთხრა, აღარასოდეს დაბრუნებულიყო მის სახლში.

ნათესავის დახმარებით, რომელიც ერთ-ერთ სამინისტროში მუშაობდა და დედის მიცემული ფულით 27 წლის იაიოი ამერიკაში წავიდა თავისი უდიდესი ოცნების ასასრულებლად.

მას სურდა, ცნობილი ხელოვანი გამხდარიყო.

იაიოის არაორდინალური ხედვისთვის, მისი უსასრულო შემოქმედებითი ენერგიისთვის საჭირო იყო თავისუფალი სივრცე. მას არ შეეძლო, ეარსება ტრადიციულ, ჩაკეტილ იაპონურ ჩარჩოებში.

ამერიკაში კუსამამ საკუთარ ფანტაზიას რეალობად ქცევის საშუალება მისცა.

კოპლები, ფალოსები და გოგრები

yellow-and-black olak-dot pumpkins

იაიოი კუსამამ ბოლომდე შეინარჩუნა ბავშვური გულწრფელობა ემოციებშიც და შემოქმედებით თვითგამოხატვაშიც.

გოგრა მისთვის სასაცილო და თბილ ემოციებთან ასოცირდებოდა ადრეული წლებიდან, სასაცილო ფორმების და თბილი ფერების გამო. ბავშვობის ამ სიყვარულს კუსამა გამუდმებით გამოხატავს თავის შემოქმედებაში, იქნება ეს ნახატების, სკულპტურების თუ გოგრებით სავსე უსასრულო სარკეებიანი ინსტალაციებით.

yellow and black round ball on white sand beach during daytime

ფალოსები მის ადრეულ ტრავმებთან დაკავშირებული სიმბოლოა.

იაიოი კუსამამ არაერთი სამგანზომილებიანი ინსტალაცია თუ სკულპტურა შემქნა, სადაც შეიძლება ითქვას, გადაჭარბებული დოზითაც კი იყენებდა ამ სიმბოლოს. მაგალითად, ავეჯი, რომელიც სავსეა ფალოსებით, ნავი, უსასრულო სარკეებიანი ოთახი და სხვა.

თუმცა, შესაძლოა, რომ კუსამას ეს ნამუშევრები არა მხოლოდ მისი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის იყო აუცილებელი, როგორც სწამდა, არამედ გარკვეულწილად პროტესტიც იყო იმ პატრიარქალური და მამაკაცების მიერ მართული სამყაროს მიმართ, სადაც მას საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის უწევდა ბრძოლა. რაზეც ოდნავ ქვემოთ ვისაუბრებთ.

მაგრამ იაიოი კუსამასთვის სამყარო ბრძოლა არ არის. მისთვის სამყარო კოპლებია. კოპლები არიან ადამიანები, მზე, მთვარე, დედამიწა, თვითონ იაიოი.

როგორც არტისტმა არაერთი ინტერვიუს დროს აღნიშნა, ის თავად არასოდეს ცდილობს, რომ ნახატში კოპლები გამოიყენოს.

მეტიც, ის წინასწარ არასოდეს განსაზღვრავს, რას დახატავს ან რა ინსტალაციას შექმნის. ამაშია კუსამას ბავშვური სიწრფელის საიდუმლოც. ხელები თავისით იწყებენ მისი ჰალუცინაციების, მისი ხედვის გადმოცემას და არტისტი ნამუშევრის დასრულების შემდეგ ხედავს, რა გამოვიდა.

მას კოპლების პრინცესას უწოდებენ, საკუთარ თავს კი ალისას ადარებს საოცრებათა ქვეყანაში.

კუსამასთვის სამყარო უსასრულობებით არის სავსე. ხოლო ეს უსასრულობები სავსეა კოპლებით.

არ ვიცი, ეს ყველაფერი სათავეს ჩემი დაავადებიდან იღებთ თუ არა, – თქვა ერთხელ კუსამამ, მაგრამ მას რომ არსებობა არ შეუძლია ხატვის გარეშე, ეს ზუსტად იცის.

მინდა, ვიდრე ცოცხალი ვარ, ბოლომდე არტისტი ვიყო, – აღნიშნა კუსამამ.

უსასრულობა

იმის საჩვენებლად, თუ როგორია უსასრულობა იაიოი კუსამას წარმოდგენით, ხელოვანმა შექმნა სარკეებიანი ოთახები.

როგორც ხელოვნებათმცოდნეები აღნიშნავენ, ეს სხვა ადამიანები ხედავენ კოპლებს კუსამას ნამუშევრებში, თავად ავტორი კი კოსმოსს, სამყაროს უსასრულობას და შესაძლოა, პარალელურ განზომილებებში გადასაადგილებელ პორტალებსაც კი ხედავდეს.

რაც მთავარია, კუსამამ ზუსტად იცის, რომ ამ სამყაროში სხვანაირი ბრძოლაა საჭირო. არა იარაღით, არა ბირთვული ბობმებით, არა ომებით.

ერთადერთ, რაც ამ სამყაროსთვის ბრძოლაშია საჭირო, სიყვარულია. სწორედ ამაში ხედავს იაიოი კუსამა საკუთარ, როგორც ხელოვანის მიზანს და მისიას.

ერთად ვიბრძოლოთ, რომ სამყარო ავავსოთ სიყვარულით და მისდამი მადლიერებით, – მოგვიწოდებს კოპლების უჩვეულო პრინცესა.

თვითგადარჩენა მამაკაცების სამყაროში

მისი ბავშვობის წლებზე მძიმე კვალი დატოვა მეორე მსოფლიო ომმა. უკვე დიდობაში, ის თვალშისაცემი პროტესტით გამოდიოდა ვიეტნამის ომის წინააღმდეგ.

ამერიკაში ცხოვრება კუსამასთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მას ორმაგად მეტი შრომა სჭირდებოდა თავის დასამკვიდრებლად: ის იყო ქალი და იყო უცხოელი.

უშრეტი და უჩვეულო ფანტაზიის წყალობით მისი ნამუშევრები იქცევდნენ მამაკაცი კოლეგების ყურადღებას და იწვევდნენ მათ აღფრთოვანებას.

თუმცა, შედეგად, ისეთი ცნობი არტისტებიც კი, როგორიც არიან ენდი უორჰოლი, კლას ოლდენბურგი, ლუკას სამარასი, იპარავდნენ იაიოი კუსამას იდეებს და ქალის დებიუტიდან მალევე თავად წარადგენდნენ თითქმის იდენტურ ნამუშევრებს.

როგორც კუსამა იხსენებს, ამის გამო 1963 წელს ოლდენბურგის ცოლმა მას ბოდიშიც კი მოუხადა.

Image source: worldartfoundations

ცხოვრება ფსიქიატრიულ კლინიკაში

1973 კუსამამ თავის მოკვლა სცადა. 1977 წელს კი მიატოვა ამერიკა და იაპონიაში დაბრუნდა.

მაგრამ, რა თქმა უნდა, არა მშობლების სახლში, სადაც დაბრუნების ნება მას ამერიკაში გამგზავრებისთანავე ჩამოართვეს.

კუსამა საკუთარი ნებით დასახლდა ტოკიოში, ფსიქიატრიულ კლინიკაში.

კლინიკის ზუსტად მოპირდაპირე მხარეს მან საკუთარი სახელოსნო მოიწყო, სადაც ყოველ დღე და ხატავს, ღამით კი დასაძინებლად კლინიკაში ბრუნდება, სადაც თავს დაცულად და მშვიდად გრძნობს.