როგორ ვაქციოთ შეუძლებელი რეალობად

0
527
მოტივაცია

ანუ

საკუთარ თავზე გამარჯვების ფილოსოფია

მერამდენე დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, მხრებჩამოშვებული და დამძიმებული, მეტროს ყურისწამღებ უსიტყვობაში გარინდულ ვაგონში შედიხარ, გაყინული მატარებლის კედელს ეყრდნობი და ცდილობ მზერა ცხოვრებაზე ხელჩაქნეული სახეებისკენ არ გაგექცეს. უკვე მერამდენე გამოწვდილ ხელს აარიდე თვალი და ჯიბეში ჩარჩენილი უკანაკნელი გროშები მოიჩხრიკე, ესეც რომ გაიღო ხვალ, ზამთრის სუსხში, ფეხით სიარული მოგიწევს.. ეუბნები საკუთარ თავს და თან სინდისი გქენჯნის, რომ მეტის გაკეთება არ შეგიძლია. მერამდენე ღამით წელმოწყვეტით ეშვები მწუხრის საბნით დაფარულ, სიბერე შემოპარულ საწოლზე და საკუთარი უუნარობის განცდას იწყებ, თითქოს ყველაფერი გააკეთე იმისთვის,რომ ოცნებები ხალასი ბავშვობით გაბერილ, მბზინავ ბუშტებად, არ გაგქრობოდა და დღეს მიღწეულით კმაყოფილს, მძივად შებნეული ღიმილით, ჩაგძინებოდა..მაგრამ განა მართლა ყველაფერი გააკეთე ამისთვის?

მოტივაცია
წყარო: Google images

ადამიანების უმრავლესობა ცხოვრების დიდ ნაწილს ოცნებებით ტკბობას უთმობს, რომელთა მიზნებად ქცევა და ამ მიზნების პატარ-პატარა, შესრულებად ამოცანებად დანაწევრება რატომღაც ავიწყდება. ყოველდღიურად ვუმტკიცებთ საკუთარ თავს, რომ ჩვენ რაღაც არ გამოგვივიდა, ჩვენ ვერ შევძელით უკეთ გვეცხოვრა და მეტი წარმატებისთვის მიგვეღწია. უარყოფითი ფიქრებით საკუთარ შესაძლებლობებს ვაკნინებთ და ყოველდღიურად უფრო და უფრო ვშორდებით მიზანს. შედეგად, ჩვენს წარმოსახვაში არსებული საოცნებო სურათიც მხოლოდ განუხორციელებელ ნატვრად რჩება.

,,სიცოცხლის ღირსი არის ის ვინც გამუდმებით იბრძვის” გოეთე

იმის მტკიცებაში, რომ ფრენა არ შეგვიძლია მხრებზე წამოზრდილ ფრთებს ვეღარ ვამჩნევთ და ფრენის უნარს ვკარგავთ. ბუდისტური მოძღვრება გვასწავლის, რომ ადამიანი ზუსტად ის არის, რასაც ფიქრობს. პოზიტიური ფიქრები ჩვენს ცხოვრებაში დადებით ენერგიას იზიდავენ და წარმატებულ მომავალთან მიახლოებისკენ განგვაწყობენ. არსებულის დანახვის უნარი, რწმენა და მადლიერება იმისა, რაც უკვე გაქვს, შინაგანი ჰარმონიის მიღწევის საუკეთესო გზაა. 

დაინახე დაფარული

ფსიქოლოგიის ეს ნაწილი ჩვენი თვალთახედვიდან დაფარულია. ჩვენ არ ვიცით, რომ ის არსებობს, სანამ შემთხვევის წყალობით არ აღმოვაჩენთ. მსოფლიოში უამრავი ადამიანის და მოვლენის არსებობა ერთი შეხედვით წარმოუდგენლია, თუმცა რეალურია:

  1.  იბრაჰიმ ჰამატო-სამაგიდო ჩოგბურთის მოთამაშე, რომელიც ხელების გარეშე, პირის დახმარებით თამაშობს.
  2. 15 სართულიანი სასტუმროს აშენება 6 დღეში ჩინეთის ყოველდღიური აქტივობაა.
  3. ჩარლი მანგერი 500 გვერდს კითხულობს ყოველდღე. ეს დაახლოებით ორ 250 გვერდიან წიგნს უდრის დღეში და 650 -700 წიგნს ყოველწლიურად.

ირწმუნე საკუთარი თავის

ამგვარად ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა მანამ, სანამ მას საკუთარი თავის სწამს. ყველაზე დიდი ძალა შინაგანი მოტივირების უნარია, როდესაც პიროვნება გარემო ფაქტორებისგან დამოუკიდებლად ახერხებს საკუთარი თავი წაახალისოს, თუნდაც პატარა წარმატებისთვის შეაქოს და მწვერვალების დასაპყრობად შეაგულიანოს. ამ დროს ჩვენი თვალისგან დაფარული დეტალები ხილული ხდება.

მთავარი პრობლემა თქვენშია. თქვენ ხედავთ რა ხდება თქვენგან მოშორებით, მაგრამ არასოდეს გწამთ, რომ იგივე თქვენს ცხოვრებაშიც განმეორდება, ამიტომაც ვერასოდეს ახერხებთ აისრულოთ ის, რაზეც ოცნებობთ. 

,,ყველაფერი შეუძლებლად მიგაჩნია, სანამ არ გააკეთებ!”ნელსონ მანდელა

ცნება: შეუძლებელი

სუიციდისა და დეპრესიისკენ მიდრეკილება მსოფლიო მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სენია. სანამ საკუთარ თავს უბედურებისა და უუნარობას დიაგნოზს დაუსვამდეთ გაიხსენეთ, ერთი განსაკუთრებული შემთხვევის წყალობით, რამდენი ადამიანის ცხოვრება შეცვლილა. შეხედეთ ადამიანებს, რომლებმაც ლატარია მოიგეს და სიღარიბის წუმპედან თავის დაღწევა შეძლეს, თუმცა უამრავი მაგალითი ცხადჰყოფს, რომ ისინი გაცილებით ბედნიერნი იყვნენ მანამ, სანამ მათ ცხოვრებაში ეს მოვლენა მოხდებოდა.

ცხოვრების მიმართ დამოკიდებულების შეცვლა გარემოს ცვლილებიდან არ იწყება. ჯერ საკუთარი თავის ,,მოწესრიგებით“ უნდა დაკავდეთ, ჩაუღრმავდეთ სისუსტეებს და ამოხსნათ, თუ რატომ ტკეპნით ერთ ადგილს? როგორ შეგიძლიათ მიზნამდე სვლა დაიწყოთ? ეს არის პირველი ნაბიჯი იმისა, თუ როგორ აქციოთ შეუძლებელი შესაძლებლად.

ყველაფერი შესაძლებელია!

როდესაც დაიჯერებთ, რომ რაღაცის მიღწევა შეგიძლიათ, თქვენ ჩაკეტილი წრის რღვევას დაიწყებთ.

როგორც იაპონელები ამბობენ, თუ ვიღაცას რაღაც შეუძლია, ესე იგი მეც შემიძლია და თუ ვინმეს რაიმე არ შეუძლია, ესე იგი მე უნდა შევძლო!

წყარო: Google images

როდესაც საკუთარი თავის მოსმენას და განწყობის შეცვლას დაიწყებთ დარწმუნდებით, რომ ნებისმიერ მიზნამდე მხოლოდ შრომით, რწმენით და თავდაჯერებით სვლაა შესაძლებელი. ეს არის ეტაპი, როცა ყველაზე რთულ საფეხურს გადალახავთ. ყოველდღე დაისახეთ მცირე ამოცანები და საკუთარი თავი შეაქეთ მათი შესრულებისთვის. მიღებული პოზიტივი მეტად წაგახალისებთ მომავალი გამოწვევების მისაღებად და თქვენ მიხვდებით, რომ დამთრგუნველი განწყობა სადღაც გაქრა.

არასდროს შეწყვიტო მცდელობა!

არასოდეს თქვათ უარი ცხოვრების არცერთ შესაძლებლობაზე. ყოველი სიახლე თქვენს ცხოვრებაში, ყოველი ინფორმაცია ან შანსი რაღაც მიზნის გამო ჩნდება, რომლის ხელიდან გაშვებაც დანაშაულია. მცდელობების ეტაზპე თქვენ სწავლობთ როგორ გადადგათ ნაბიჯები თქვენს ოცნებამდე, როგორ მიუახლოვდეთ თქვენს მიზნებს და ბოლომდე გადაეწყოთ პოზიტიური აზროვნების ახალ ტალღაზე. 

უბრალოდ გააგრძელეთ მუშაობა, ბრძოლა, შეტევა, ძიება და გჯეროდეთ, რომ დღეს თუ არა ხვალ, ხვალ თუ არ ზეგ, თქვენს ოცნებებს ფრთები შეესხმება. რამდენჯერაც დაეცემით, რამდენჯერაც იმედი გაგიცრუვდებათ, იმდენჯერ ისწავლეთ წამოდგომა და საკუთარი თავი გაამხნევეთ.

 გახსოვდეთ, არასოდეს შეწყვიტოთ სვლა, თორემ ვერასოდეს გაიგებთ რამდენად ახლოს იყავით მიზანთან დანებებისას.

სახეცვლილი რეალობა

ცხოვრების ამ ეტაპზე თქვენი ოცნებები რეალობად იქცევა. ეს არის შედეგი, რომელიც სიცოცხლისა და კიდევ მეტი წარმატების სურნელს იმდენად გაყვარებს, რომ ამის შემდეგ ვერცერთი მიზეზით ვეღარ შეაჩერებ მოძრაობას. მხოლოდ მაშინ შეძლებ ამ ეტაპზე გადასვლას, როცა ნამდვილად ირწმუნებ, რომ შენ ყველაფერი გამოგივა.

motivatsia
წყარო: Google Images

თვითრწმენის და მუხლჩაუხრელი შრომის პროდუქტი მიღწეული შედეგით ტკბობაა, რომელიც კიდევ ერთხელ გარწმუნებს რომ ცხოვრება ამად ნამდვილად ღირს.

რა ხდება შემდეგ?

ცხოვრებისეული ციკლი არასოდეს ჩერდება. თქვენს ისტორიას კიდევ უფრო მეტი მიზნად ქცეული ოცნება ემატება და რა როლს მოირგებთ ამ გზაზე, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია. 

დღეს ახალგაზრდების უმეტესობა მხოლოდ უარყოფითზე კონცენტრირდება და ბლანტი დეპრესიული ფონი მათ სილაღეს სრულიად შთანთქავს. საიდან მოდის პრობლემა? განა არსებობენ სრულყოფილი ადამიანები ყველა ახდენილი ოცნებით, უნაკლო გონებით ან გარეგნობით?-არა! 

სრულიად ბუნებრივია არ მოგწონდეს და იბრძოდე ცვლილებებისთვის, თუმცა შინაგანი შფოთვა და უმოქმედობა იმ იდეით, რომ არ გაგიმართლა დაუშვებელია. 

ძალიან მარტივია იყო დეპრესიაში და შენი უმოქმედობა გარემო პირობებს დააბრალო. უმჯობესია თვალი გაუსწორო საკუთარ თავს და დაამტკიცო, რომ გაგაჩნია საკმარისი ძალა და უნარი წარმატების მისაღწევად. უნარი გააგრძელო ბრძოლა მანამ, სანამ სასურველი შედეგი არ დადგება. 


სტატიის ავტორი: ნინო გოგიტიძე