როგორ მივაღწიოთ წარმატებას – N1 რჩევა

0
441
concrete rail road

რა უნდა გავაკეთოთ წარმატების მისაღწევად? როგორ მოვიპოვოთ წარმატება და საიდან დავიწყოთ?

ალბათ ხშირად გინახავთ ფილმები (და იქნებ გულიც კი აგჩუყებიათ და თვალზე ცრემლი მოგდგომიათ), სადაც მრავალი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მთავარი გმირი უეცრად უდიდეს წარმატებას აღწევს. ფილმის ბედნიერმა და ამაღელვებელმა ფინალმა შესაძლოა, რამდენიმეწუთიანი ეიფორია და აჟიტირებაც დაგიტოვოთ და საკუთარი ცხოვრების შეცვლა და წარმატების მიღწევა გადაწყვიტოთ. შესაძლოა, დაძინებამდე არაერთი იდეაც მოგივიდეთ, აღელვებულს ცოტა გვიანაც ჩაგეძინოთ, ასე ვთქვათ, ძილი გაგიტყდეთ (მინიმუმ, გაგებზაროთ მაინც). დილით კი უბრალოდ აღარც ფილმი გახსოვდეთ, აღარც წინა ღამის ემოცია, ჩაებათ ყოველდღიურ ნაცნობ რუტინაში და წარმატებაზე ფიქრი მომდევნო ფილმის ნახვამდე აღარც გაგახსენდეთ.

როგორც კი წარმატებაზე ფიქრს შეწყვეტ,

მას ვეღარ მიაღწევ

რა არის წარმატება

იფიქრე წარმატებაზე

ყველას სურს, იყოს წარმატებული. მაგრამ ძალიან იშვიათად იპოვით ორ ადამიანს, ვისთვისაც წარმატება ერთსა და იმავე რამეს ნიშნავს.

რა არის წარმატება? რისგან შედგება და რას მოიცავს?

ჩავატაროთ პატარა ექსპერიმენტი. აი, ახლა, ერთი წამით შეწყვიტეთ სტატიის კითხვა და შეეცადეთ, დეტალურად განმარტოთ, რა არის წარმატება. უმჯობესია, თუ განმარტებას ფურცელზე დაწერთ.

მოგვიანებით, შეგიძლიათ, იმავეს გაკეთება სთხოვოთ ახლობლებს და შეადაროთ, რამდენად დაემთხვევა პასუხები. ან აქვე დაწეროთ კომენტარში თქვენი განმარტება.

ახლა, წარმატების ამ ფორმულაში, რომელიც დაწერეთ, ჩასვით საკუთარი თავი. მიუსადაგეთ საკუთარ თავს ყველა ის ელემენტი, რომელიც შეადგენს წარმატებას თქვენი განმარტების მიხედვით და წარმოიდგინეთ, რომ ეს არის თქვენი ცხოვრების განმარტება.

მაგალითად, თუ თქვენ დაწერეთ, რომ წარმატება არის 30 წლის ასაკში საკუთარი ბიზნესის ქონა, 3 სახლი, 2 მანქანა და 5 შვილი, ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ ეს ყველაფერი და დააკვირდით საკუთარ შეგრძნებას.

ფიქრის ვიზუალიზაციისთვის აუცილებელია დეტალები. ამიტომ, თქვენ ზუსტად უნდა წარმოიდგინოთ, რა ბიზნესი გაქვთ, რა ჩართულობას და რა შრომას მოითხოვს თქვენგან ყოველდღიურად, ზუსტად უნდა წარმოიდგინოთ სად, რამხელა და როგორი სახლი გაქვთ, როგორ იყენებთ და როგორ უვლით, რომელი მანქანები გყავთ და როგორი შვილები. წარმოიდგინეთ სათითაოდ. ახლა კი წარმოიდგინეთ თქვენი ერთი დღე ამ ყველაფრის გათვალისწინებით. წარმოიდგინეთ დილიდან დაღამებამდე.

რას გრძნობ?

წარმოიდგინე შენი წარმატება

თუ იგრძენით, რომ წარმოდგენილი სიტუაცია გაბედნიერებთ და სწორედ ესაა, რისი მიღწევაც გსურთ, მაშინ პირდაპირ გადადით შემდეგ ქვეთავზე (მიზნებისა და ამოცანების ცხრილი).

მაგრამ, თუ უხერხულობის, შებოჭილობის ან დანაკლისის განცდა გაგიჩნდათ, სჯობს, პირველ რიგში წარმატების ფორმულას გადავხედოთ.

რას ნიშნავს შებოჭილობა?

თუ ისეთი წარმატების, რაც თავადვე დაწერეთ ფურცელზე (ან ლეპტოპსა თუ მობილურში), წარმოდგენაზეც კი განცდა გაგიჩნდათ, რომ შებოჭილი ხართ, ვალდებულებები გამძიმებთ, უსიამოვნო და რუტინულია და ამ ყველაფრისგან გაქცევის სურვილი გაგიჩნდათ, მაშინ ეს არაა თქვენი იდეალური წარმატების ფორმულა.

შესაძლოა, წარმატების ეს ფორმულა საზოგაოდებისგან თავს (ან ქვეცნობიერს) არის მოხვეული. გაუცნობიერებლად ჩვენს წარმოდგენაში ილექება სხვებისგან მოსმენილი ამბები, ფილმებსა თუ წიგნებში აღწერილი წარმატება.

მაგრამ, მნიშვნელოვანი და უმთავრესია იპოვოთ “ჩემი პირადი წარმატების ფორმულა”.

არის ეს ის, რაც გამაბედნიერებს და თავისუფლების განცდას გამიჩენს?

ცვალეთ ფორმულა მანამ, სანამ არ იპოვით ისეთ ჩამონათვალს, რომლის წარმოდგენისასაც განცდა გაგიჩნდებათ, თითქოს მთის მწვერვალზე დგახართ და სუფთა ჰაერს ისუნთაქვთ გამარჯვებულის სიხარულით.

ასევეა დანაკლისის განცდის შემთხვევაშიც. იპოვეთ და ჩაამატეთ ის დეტალები, რაც პირადად თქვენი წარმატების წარმოდგენისთვის არის საჭირო.

როგორც კი ამ შეგრძნებას იპოვით, აიღეთ ფორმულა, რომლის წარმოდგენამაც ასე გაგაბედნიერათ და შეინახეთ. ყველა სხვა ფორმულა გადაყარეთ და გადადით შემდეგ ეტაპზე.

რას ნიშნავს უხერხულობა?

უხერხულობის შეგრძნება შეიძლება, მიანიშნებდეს, რომ საკუთარ თავს იკნინებთ, დაბლა აყენებთ და თამამად ოცნების საშუალებასაც არ აძლევთ.

თუ ფიქრის დონეზეც კი ვერ ბედავთ, იყოთ წარმატებული, ამას რეალობაში როგორ გადმოიტანთ?

პირველ რიგში, ფიქრის დონეზე შეეჩვიეთ თქვენი წარმატებული მეს წარმოდგენას.

ფიქრი ძალიან ძლიერი იარაღია. სხვადასხვა რელიგიაში ფიქრში შეცოდებაც ცოდვად ითვლება, რადგან, როგორც ჩანს, რელიგიური წეს-კანონების შემდგენლებს კარგად ესმოდათ ადამიანის ფსიქოლოგია და იცოდნენ, რომ ნებისმიერ ქმედებას წინ უძღვის ამ ქმედების ფიქრში დაშვება.

მას მერე, რაც ფიქრისა და წარმოდგენის დონეზე შეეჩვევით საკუთარი წარმატებული მომავლის სურათს, გადადით ქმედებაზე.

smiling woman in blue denim jacket

შეადგინე მიზნებისა და ამოცანების ცხრილი

წარმატების მისაღწევად აუცილებელია კონკრეტული და არა ბუნდოვანი ფიქრები.

მაგალითად, “მინდა, ვიყო წარმატებული”, ან “მინდა ბევრი ფული” არ არის კონკრეტული ფიქრი. ყოველ შემთხვევაში, არ არის ისეთი ფორმის ფიქრი, რაც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

დაყავი და იბატონე

ცოტა შრომა აქაც მოგვიწევს.

დაიდეთ წინ წარმატების ის განმარტება, რომელიც ცოტა ხნის წინ იპოვეთ და რაც პირადად თქვენს წარმატებას აღწერს. ახლა დაშალეთ სათითაო პუნქტად. მაგალითად, ცალკე დაწერეთ სახლი და ცალკე საკუთარი ბიზნესი. ეს არის მიზანი.

თითოეული მიზანი დაშალეთ ამოცანებად.

მაგალითად, განვიხილოთ მიზანი “სახლი”. დაფიქრდით, საიდან გაქვთ ეს სახლი? რა გჭირდებათ იმისთვის, რომ შეიძინოთ სახლი? არ გაჩერდეთ პასუხზე “ფული”. გათვალეთ, რა თანხა სჭირდება ისეთ ბინას, რომელიც თქვენ გსურთ. რამდენ ხანში გსურთ ამ მიზნის მიღწევა? ანუ წელიწადში რა თანხის გამომუშავება გჭირდებათ? თვეში?

ახლა დაფიქრდით, თვეში ამ თანხის შოვნისთვის რა ძალისხმევა გჭირდებათ? რა გზები არსებობს?

თუ თქვენი ხელფასი არ ჰყოფნის ამ ამოცანის შესრულებას, იქნებ უფრო მაღალშემოსავლიანი სამსახურის პოვნა გჭირდებათ? ან დაწინაურება თქვენს სამსახურში?

ახლა დაფიქრდით, რა გჭირდებათ უკეთესი სამსახურისთვის ან უკეთესი პოზიციისთვის?

იქნებ რომელიმე კომპეტენციის ამაღლება ან ახალი უნარის შეძენა? მაგალითად, გერმანულის შესწავლა ან პროგრამირების ენის?

გამოდის, სახლის შეძენის მიზნისთვის საჭირო ამოცანა პირველ რიგში არის ენის შესწავლა.

ახლა ეს ამოცანაც უფრო პატარა ამოცანებად დაყავით: იპოვეთ მასწავლებელი, გათვალეთ გრაფიკი, მოიძიეთ სწავლისთვის საჭირო თანხა ან იპოვეთ უფასო რესურსები.

და რაც მთავარია, არ დაგეზაროთ.

წარმატებას სჭირდება შრომა

ასევე, მნიშვნელოვანია, გათვალოთ რეალისტური ვადები. თავიდანვე მოემზადეთ ემოციურად იმისთვის, რომ წარმატების მიღწევას გარკვეული დრო დასჭირდება.

ეს დემოტივაციისგან დაგიცავთ.

არ დაივიწყო მიზანი

დაწერეთ ფურცელზე “მინდა წარმატების მიღწევა” და ატარეთ ჯიბით, საფულით ან დააყენეთ მობილურის, ლეპტოპის ეკრანზე…

მთავარია, მოათავსოთ ისეთ ადგილას, სადაც ხშირად შეგახსენებთ თავს.

როგორც დასაწყისში ვთქვით, როგორც კი წარმატებაზე ფიქრს დაივიწყებთ, მას ვეღარ მიაღწევთ.

 

გაინტერესებთ წარმატების გაკვეთილები ანტერპრენერი დანლოკისგან? მაშინ არ გამოგრჩეთ ჩვენი სტატია