ნარკომანიისგან განთავისუფლების გზების ძიებაში, ანუ როგორ მოვიკრიბოთ ნებისყოფა და გადავრჩეთ

0
355
psychology

ყველა ამბავი ერთმანეთს ჰგავს.. ყველა ამბავი განსხვავებულია…

სტუდენტობისთვის დამახასიათებელი აურზაურითა და ცოტა ალკოჰოლით გაბრუებულმა, ჯერ კიდევ ბავშვობის ,,თასმებშებმულმა”, გამოუცდელმა და ცოტათი შებოჭილმა, პირველად სხვისი მიბაძვით გაუსინჯა გემო..თავი უცნაურად იგრძნო და ნელნელა ცხად სიზმარში გზააბნეული შეტორტმანდა..

მერე კიდევ სცადა და ფხიზელ გონებაზე შესუნთქული კვამლი უფრო ესიამოვნა..მოსწონს შეგრძნებები, აგიჟებს ასტრალამდე გასული ემოციები და სადავე, რომელსაც ჯერ კიდევ აკონტროლებს..

შეგრძნებები ნელდება, ყოველ ჯერზე უფრო ცოტავდება და ნაკლებად აბედნიერებს.. აღარ ჰყოფნის. მერე მოსაწევი გვერდზე გადადის და რაღაც უფრო ძლიერს უთმობს გზას..დოზა მატულობს.. შეგრძნებები კიდევ უფრო იკლებს.. კონტროლი ხელიდან ეცლება.. ფული მთავრდება.. უვნებელი ბალახიდან, ამოუხსნელი ნივთიერების იაფფასიანი დოზის ვენაში გასაშვებად, მთელი დღე და ღამე ,,საშოვარზე“ რბენა იწყება..

ილუზიების შეგრძნებაში ცხოვრება სადღაც გადის..დამოუკიდებლად..თითქოს არც არაფერი ჰქონია მასთან საერთო.. თითქოს ციხის კედლებში გამომწყვდეული პატიმარი,  თავისივე არჩევანით, სანაგვეზე გადაგდებულ ახალგაზრდობას აცილებდეს..

სახლი? სახლში ცრემლი..უიმედობა.. გაძარცვული ჭერი, ცივი, ცარიელი კედლები და შვილი, რომლის თვალებშიც შიშს დღითიდღე ზიზღი ანაცვლებს…

გეცნობა? ეს ჩვენი ყოველდღიურობის უცვლელი ისტორიის ერთი ფარატინა ფურცელია, იმ  დავთარში, დღითიდღე, სულ უფრო და უფრო რომ შეუბრალებლად მძიმდება…

წყარო: Google Images

ნებისყოფა პაზლის მხოლოდ ის პატარა ნაწილია, რომელიც მთლიანი სურათის შინაარსს ცვლის. ნარკომანია ტვინის ქრონიკული დაავადებაა და მეცნიერების ერთი ნაწილი თვლის, რომ მას ნებისყოფასთან საერთო არაფერი აქვს. მაშინ უსარგებლო არ არის დაავადების დასამარცხებლად ნებისყოფის განმტკიცებაზე მუშაობა? ნამდვილად არა! თუ ვიღაცის წაქეზებით და თქვენივე არასწორი არჩევანით წუმპეში აღმოჩნდით, ეს  იმას არ ნიშნავს, რომ სამუდამოდ მანდვე უნდა დარჩეთ. მთავარია ირწმუნოთ, რომ თქვენი მდგომარეობა უიმედო არ აის.

,,უწყინარი“ დამოკიდებულება

თქვენი საყვარელი ყავის ყოველი ყლუპი, ჩვევად ქცეული ჩაის რიტუალი, ან ჭიქა ღვინო, რომელსაც ყოველ საღამოს თითქოს უწყინარ განტვირთვად იღებთ, შეიცავს ისეთ მასტიმულირებელ ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმის ფუნქციონირებას ხელს უშლის.

რატომ იღებს ადამიანი ნარკოტიკს?

ნარკოტიკების მიღების მიზეზი სტიმულაციაა, რომელიც ადამიანს თავს უფრო მხნედ და ბედნიერად აგრძნობინებს. ამით ის ალტერნატიულ რეალობაში გადადის, ივიწყებს პრობლემებს და სასიამოვნო ფანტაზიებს ეჭიდება.

რა არის ნარკომანია?

ნარკომანია – ნარკოტიკების მოხმარებისადმი ავადმყოფური დამოკიდებულებაა. ნარკოტიკი ,,გამაბრუებელს” ნიშნავს და მას მედიცინაში საანესთეზიო – ტკივილგამაყუჩებელი დანიშნულება აქვს.

როგორ ყალიბდება ნარკომანია?

არსებობს უწვრილესი ზღვარი ერთი შეხედვით უწყინარ გართობად დაწყებულ მოხმარებასა და ნარკომანიას შორის. ნარკომანები კი ყველაზე ბოლოს აღიარებენ, რომ მათ ეს ზღვარი გადალახეს.

ნარკოტიკების მოხმარება თანდათანობითია

Ø  იწყება მოსაწევით, შემდეგ ამის ყოველკვირეულად და ყოველდღიურად განმეორებით. როცა შეგრძნებები იკლებს დღის განმავლობაში ადამიანი რამოდენიმეჯერ იწყებს მოწევას იმ იმედით, რომ დიდებული ემოციები კვლავ დაბრუნდება.

Ø  თუ ნარკოტიკი ბედნიერების და სიმშვიდის შეგრძნებას გგვრით, მისი მოხმარება იზრდება, მაგრამ შემდეგ სიხარულს ცვლის გაღიზიანება, შფოთვა, ენერგიის ნაკლებობა და დგება დამოკიდებულების ეტაპი

ამ ეტაპზე ნარკოტიკის გამოყენება არაკონტროლირებადია და მას სწორედ, მისგანვე გამოწვეული, უარყოფითი შეგრძნებების შესაჩერებლად იყენებენ.

Ø  ორგანიზმის შეგუება: ამ ეტაპზე ორგანიზმი ეჩვევა წამალს და თქვენთვის სასურველი შეგრძნებების გამოსაწვევად,  უფრო და უფრო, დიდი დოზის მიღება ხდება საჭირო.

Ø  ნარკოდამოკიდებულება წყვეტს ცხოვრებისეულ ციკლს: იგი ხელს უშლის ადამიანს ურთიერთობებში, მუშაობაში, ოჯახთან და გარესამყაროსთან კომუნიკაციაში. ნარკოდამოკიდებული ხშირად კრიმინალურ წრეს უერთდება, რათა თავი დააღწიოს ოჯახისა და ახლობლების წინააღმდეგობის იმ წნეხს, რასაც უსამართლობად აღქივამს.

რა გავლენას ახდენს ნარკოტიკი ორგანიზმზე?

ნარკოდამოკიდებულება არაპროგნოზირებადია. მის განვითარებაში ადამიანის ნერვული ტიპი უდიდეს როლს თამაშობს. ნარკომანი ფსიქოპათიური პიროვნება ხდება, რომელშიც პათოლოგიური მიდრეკილება და ფსიქიკის არაკონტროლირებადი ცვლილებები იჩენს თავს. ქვეითდება ინტელექტი, იცვლება ადამიანური ფასეულობები, სუსტდება მეხსიერება, მიმდინარეობს პიროვნების დეგრადაცია.

წყარო: recognising drug addiction

ნებისმიერი ნარკოტიკი ზემოქმედებს თავის ტვინზე, აქვეითებს კონცენტრაციის და ფიქრის უნარს, მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. ნარკომანისთვის დამახასიათებელია არაკონტროლირებადი ქცევა, უეცარი აფეთქება, სიტყვიერი და ფიზიკური აგრესია.

მარიხუანა

მარიხუანას მოხმარება ბევრისთვის უწყინარ გართობასთან ასოცირდება, თუმცა ის, ისევე როგორც უფრო ძლიერმოქმედი ნარკოტიკი, ორგანიზმზე გამოუსწორებელ კვალს ტოვებს.

Ø თავის ტვინის ყველაზე აქტიური ნაწილი ჰიპოკამია,რომელიც მიმდინარე ინფორმაციას ინახავს და ხანგრძლივ მეხსიერებაში გადადის მარიხუანას მოხმარებისას საგრძნობლად მცირდება.

Øმარიხუანას მომხმარებლები ცდებიან, როდესაც ჰგონიათ, რომ მოსაწევი მათ აზროვნებასა და სწავლაში ეხმარება. ისინი კარგავენ კომუნიკაციის უნარებს, რადგან გრძნობები და აზრები ინტერნალიზებული ხდება.

Ø მარიხუანა მოზარდის ტვინზე უფრო დიდ გავლენას ახდენს და მისი ჭარბად მოხმარება იწვევს გონებრივ დარღვევებს. ადამიანი დროთა განმავლობაში კარგავს მნიშვნელოვანი ინფორმაციის აღმოჩენისა და კონცენტრირების უნარებს, ქვეითდება განსჯის და ინტერაქციის უნარი.

Ø მარიხუანა იწვევს მამაკაცის ჰორმონის, ტესტოსტერონის, გამოყოფის შემცირებას, რაც სექსუალური მომწიფებისა და ჰორმონალური დისბალანსის პერიოდში უმნიშვნელოვანესი  საკითხია.

Ø მარიხუანას მოწევა იწვევს ქრონიკული ბრონქიტის სიმპტომებს, ხველას და ფილტვების ქსოვილის დაზიანებას.

Øკოკაინის, ჰეროინის, ალკოჰოლის და ნიკოტინის მსგავსად მარიხუანაც იწვევს სისტემატიურ მოხმარებაზე დამოკიდებულებას.

როგორ დავანებოთ თავი მოსაწევს?

მოწევისგან თავის დაღწევა მენტალური ჯანმრთელობის საკითხია. ყოველდღიურ ჩვევაში გადაზრდილი მავნებლობისგან თავის დაღწევა ძალიან რთული პროცესია, თუმცა არსებობს ხუთი საუკეთესო გზა იმისთვის, რომ მისი ბორკილებისგან განთავისუფლდეთ.

  1. თავი აარიდეთ მომწოდებლებს
    თუ თვალთახედვის არედან არ მოიცილებთ მარიხუანას მოწევა ყოველთვის მოგინდებათ. ამიტომ მოიშორეთ ის, კავშირი გაწყვიტეთ მათთან, ვინც მოსაწევს აქტიურად გაწვდიდათ.
  2. მოერიდეთ იმ ადამიანებს და ადგილებს, რომლებიც მოწევისკენ გიბიძგებენ
    თუ თქვენი გარემოცვა დილერებისგან ან იმ მომხმარებლებისგან შედგება, რომელთანაც მუდმივად მოსაწევი გაკავშირებდათ, დაივიწყეთ მათ შესახებ. ეს ერთადერთი გზაა ცდუნებისთვის თავის ასარიდებლად, სანამ ნებისყოფას არ გამოიმუშავებთ.
  3. გაერთეთ განსხვავებულად
    თუ აქამდე თქვენი მთავარი გასართობი ღამის წვეულებები და მოსაწევი იყო, დროა რაღაც განსხვავებული სცადოთ. მალე მიხვდებით, რომ არანაირი დამხმარე საშუალება არ გჭირდებათ იმისთვის, რომ თავი მხიარულად და მხნედ იგრძნოთ.
  4. მიიღეთ მხარდაჭერა
    მოსაწევისგან განთავისუფლება მარტივი გზა არ არის. ნუ დაუმალავთ გრძნობებს თქვენს ოჯახის წევრებსა და მეგობრებს თუ მოუყევით მათ რას განიცდით და რისი გადატანა გიწევთ. მიღებული მხარდაჭერა გაგაძლიერებთ და მოტივაციას აგიმაღლებთ.
  5. დაისახეთ მიზნები
    რას გააკეთებთ მოწევისგან განთავისუფლების შემდეგ? დაისახეთ მიზნები, აისრულეთ ოცნებები და იბრძოლეთ, რომ თქვენი ცხოვრება უფრო თავისუფალი და სასიამოვნო გახდეს.

რატომ ხდება ზოგი ადამიანი დამოკიდებული და ზოგი არა?

წყარო: Google Images

ადამიანები ნარკოტიკის მოხმარებას სხვადასხვა მიზეზით იწყებენ. დამოკიდებულების მიზეზი მიმბაძველობა, ცნობისმოყვარეობა, ცხოვრებისეული პრობლემებისგან გაქცევა, ძალადობა, ოჯახური დამოკიდებულების ისტორია ან დეპრესიისადმი  მიდრეკილება ხდება.

ნარკომანიის სიმპტომები

არ აქვს მნიშვნელობა რომელი ტიპისა და აგრეგატული მდგომარეობის ნარკოტიკს იყენებთ. ვერასოდეს ვერ განსაზღვრავთ წინასწარ თქვენი დამოკიდებულების შესაძლო მაჩვენებელს.

Ø ფსიქოლოგიური დამოკიდებულება: გაღიზიანება, შიში, პარანოია, დეპრესია ან პირიქით, ჰიპერ აგზნების პერიოდი, თავის დანებების სურვილი, მაგრამ ნებისყოფის არქონა.  

Ø  ფიზიკური დამოკიდებულება: სისუსტე, კოშმარები, სისხლდენა ცხვირიდან, ეპილეფსიური კრუნჩხვები, წონის სწრაფი კლება ან მომატება, მეტყველების გართულება, კოორდინაციის დაკარგვა.

Ø  ქცევის მოშლას ახასიათებს ასოციალური ქცევა, სამსახურის/სწავლის უგულებელყოფა, უშინაარსო კამათი, ფასეულობების შეცვლა, მეგობრების ცვლილება და ასე შემდეგ.

წყარო: Drug Addiction Affect Relationships

ნარკომანების უმეტესობას ენგრევა ოჯახი, ისინი, წამლის საჭირო დოზის მიღების გარდა, ყველაფრის მიმართ ინტერესს  კარგავენ. პირველ ადგილზე მხოლოდ პათოლოგიით გამოხატული სურვილი დგას და ის ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი ხდება…

ნებისყოფის პარადოქსი

უნებისყოფობა ნარკომანიას არ იწვევს, მაგრამ ნებისყოფა ნარკომანიისგან განკურნების მთავარი ძალაა. იმის გაცნობიერებით, რომ დახმარებას საჭიროებენ და სურთ ყველა საკითხზე პასუხი იპოვონ, ნარკოდამოკიდებულ ადამიანებში გამოჯანმრთელების სურვილი იღვიძებს. 

დაავადებულის ძლიერი სურვილი და ნებისყოფა მომავალი წარმატების განმსაზღვრელია. ნარკომანიისგან განთავისუფლება შესაძლებელია ფსიქოთერაპიით, სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობით, სარეაბილიტაციო ჯგუფებში გაერთიანებით და ნარკოდამოკიდებულ წრესთან ჩამოშორებით.

რა ხდება ნებისყოფის ნაკლებობის დროს?

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნარკოდამოკიდებული სძლევს საკუთარ თავს და გამოჯანმრთელდება, მთელი ცხოვრების განმავლობაში ყოველთვის არსებობს რეციდივის რისკი. დაავადებულთა განმარტებით, ეს მუდმივი ბრძოლაა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. მაშინ, როდესაც დგება გადამწყვეტი მომენტი და ნარკოდამოკიდებული ბრძოლის აზრს უკვე ვეღარ ხედავს, საქმეში ახლობლები, ოჯახი, მეგობრები და ფსიქოთერაპიის ძალა ერთვება. ისინი მუდმივად ახსენებენ ნარკოდამოკიდებულს, რომ ცხოვრება ბრძოლად ნამდვილად ღირს.

Image Source: Is Drug Addiction a Disability?

თუ ნებისყოფის გამოცდამ წარუმატებლად ჩაიარა და საბედისწერო ზღვარი უკვე გადალახეთ, მაშინ დროა მხარდაჭერის, ძლიერი სურვილისა და მოტივაციის წყალობით იპოვოთ საკუთარ თავში ძალა და ცხოვრების საუკეთესო წლები მომწამლავ ილუზიებში არ გაატაროთ. იცხოვროთ, იურთიერთოთ და იარსებოთ სრულფასოვნად.

ნარკოდამოკიდებული ადამიანი საზოგადოებისგან სიბრალულს უნდა იმსახურებდეს. ეს პათოლოგიურ დაავადებათაგან უმძიმესია, თუმცა ერთი განსხვავებით. მას თავად ვირჩევთ. რისთვის? მხოლოდ ეს კითხვა  ჩნდება. პასუხი თქვენთვის მომინდვია. 


სტატიის ავტორი: Nino Gogitidze