ქალი მხატვრების 6 ყველაზე ძვირადღირებული ნახატი

0
271
assorted-color paint brush lot

რომელი 6 ნახატი შეფასდა ქალი მხატვრების საუკეთესო და ყველაზე ძვირადღირებულ ნამუშევრებად?

გადაავლეთ თვალი ქვემოთ მოცემულ რამდენიმე ნახატს და გაგვიზიარეთ, რამდენი მათგანი იცოდით.

ქალის ნახატის ფასი

woman in white long sleeve shirt and blue denim jeans sitting on brown wooden table

2017 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ნახატის როგორც შეძენის, ასევე შეფასების პროცესში დიდ როლს თამაშობს ავტორის სქესი.

კვლევის ავტორებმა 45 ქვეყნის მაგალითზე შეისწავლეს აუქციონებზე განხორციელებული ტრანზაქციები. გენდერული ნიშნით ფასთა სხვაობამ 47.6% შეადგინა.

აღნიშნული კვლევის ფარგლებში ჩატარდა არაერთი ექსპერიმენტი. ცდების დროს მნახველებს არ ეუბნებოდნენ, ვისი შესრულებული იყო ნახატი და გენდერული, სოციალური და სტერეოტიპული კონტექსტისგან თავისუფლად აძლევდნენ ნამუშევრის შეფასების საშუალებას.

შედეგად აღმოჩნდა, რომ აუქციონებზე ქალი მხატვრების ნახატები ნაკლებად იმიტომ ფასობს, რომ ისინი ქალების შესრულებულია. მყიდველის გადაწყვეტილებაზე მოქმედებს ავტორის სქესი და არა უშუალოდ ნამუშევრის ვიზუალი.

2020 წლის იანვრის მონაცემებით აუქციონებზე ძვირადღირებულ ავტორთა შორის კვლავ მამაკაცები დომინირებენ. ქალები ამ ბაზრის მხოლოდ 2%-ს შეადგენენ.

ბოლო პერიოდში მეტ-ნაკლებად შეინიშნება ქალი ავტორების ნახატების შედარებით მაღალ ფასად შესყიდვები სხვადასხვა აუქციონზე.

WomanLab-მა თქვენთვის შეარჩია 6 ყველაზე ძვირადღირებული და საუკეთესო ნახატი აუქციონების მონაცემების მიხედვით.

1. იაიოი კუსამა, INTERMINABLE NET #4

Yayoi Kusama, Interminable Net 4. Image source: Sotheby’s

იაიოი კუსამას Interminable Net #4 (უსასრულო ბადე #4) 2019 წელს სოტბის აუქციონზე 7.9 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

ნახატი შესრულებულია 143.5 სმ x 108.6 სმ ზომის ტილოზე ზეთის საღებავებით 1959 წელს. ნამუშევარი კუსამასთვის დამახასიათებელი კოპლებითაა შექმნილი.

იაიოი კუსამა წარმოშობით იაპონელი არტისტია, რომელიც არა მხოლოდ ფერწერული ტილოებით, არამედ ფსიქოდელიური ინსტალაციებითა და თამამი პერფორმანსებით გახდა ცნობილი.

მხატვარი საკუთარ ჰალუცინაციებს, ფსიქოლოგიურ ტრავმებსა და სამყაროს არაორდინალურ აღქმას ხელოვნების წყაროდ იყენებდა და ყველაზე შთამბეჭდავ და თავბრუდამხვევ ნამუშევრებს ქმნიდა.

60-იან წლებში მის იდეებს იპარავდნენ ენდი უორჰოლი და სხვა მამაკაცი არტისტები. კუსამასთვის, როგორც ქალისა და როგორც უცხოელისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა ამერიკის ხელოვნების წრეებში თავის დამკვიდრება.

2. ფრიდა კალო, Dos desnudos en el bosque (La tierra misma)

Frida Kahlo, Dos desnudos en el bosque (La tierra misma). Image source: Christie’s

ფრიდა კალოს (1907-1954) ნამუშევარი Dos desnudos en el bosque (La tierra misma) – ორი შიშველი ტყეში (თვით დედამიწა) 2016 წელს კრისტის აუქციონზე 8 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

ეს ყველაზე მაღალი ფასი იყო, რაც მსოფლიო აუქციონზე ფრიდა კალოს ნამუშევარში გადაუხდიათ და ასევე რეკორდული ფასი აღმოჩნდა ლათინი ამერიკელი მხატვრების მიერ შესრულებული ნებისმიერი ფერწერული ნამუშევრის შესაძენად გადახდილ თანხებს შორის.

Dos desnudos en el bosque (La tierra misma) 1939 წელსაა დახატული და ქვედა მარჯვენა კუთხეში ფრიდა კალოს ხელმოწერა ამშვენებს. შესრულებულია მეტალზე ზეთის საღებავებით.

3. აგნეს მარტინი, Orange Grove

აგნეს მარტინის ნახატი
Agnes Martin, Orange Grove. Image source: barnebys.com

ნახატი 1965 წელს შეიქმნა და კრისტის აუქციონზე 2016 წელს 10.7 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

აგნეს მარტინს (1912-2004) მინიმალისტად მიიჩნევენ, თუმცა მხატვარი საკუთარ თავს აბსტრაქტულ ექსპრესიონისტს უწოდებდა.

მისი ნამუშევრებისთვის დამახასიათებელია განსაკუთრებული გეომერტიული ენა, რომლითაც მარტინი აბსტრაქტულ ასოციაციებს ქმნის.

Orange Grove (ნარინჯისფერი ჭალა) თეთრ ფონზე წვრილი, ნარინჯისფერი ზოლებით შესრულებული სიმეტრიული აბსტრაქციაა. ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზები ნამუშევრის მთელ ზედაპირს ფარავენ და უსასრულობის განცდას ქმნიან.

აგნეს მარტინის სხვა, ძვირადღირებული ნამუშევრებია:

Untitled #13 (უსათაურო #13), რომელიც 2017 წელს სოტბის აუქციონზე 7 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა (ნახატის შექმნის თარიღია 1980 წელი).

1983 წლის ნამუშევარი Untitled #6 (უსათაურო #6), რომელიც 2016 წელს კრისტის აუქციონზე 5.8 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა და 1967 წლის ნამუშევარი Happy Valley (ბედნიერი ველი), რომელიც კრისტის აუქციონის მონაცემებით 5.5 მილიონ აშშ დოლარად შეფასდა.

ავტორის ნამუშევრების მიმართ განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩეოდა 2016 წელი, რამდენადაც ამ წელს მისი 23 ნახატი გაიყიდა.

ჯამურად, მისი ნახატების რეალიზაციიდან მიღებული თანხა $80,413,724 აშშ დოლარს შეადგენს.

4. ნატალია გონჩაროვა, Les Fleurs

Natalia Goncharova, Les Fleurs. Image source: Christie’s

ნატალია გონჩაროვა ძვირადღირებული რუსი არტისტია. ფერწერის გარდა იგი დაკავებული იყო სცენოგრაფიით, კოსტიუმების დიზაინითა და ილუსტრატორობით.

გონჩაროვას (1881-1962) ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარია ყვავილები – Les Fleurs (1912). ტილო 2008 წელს კრისტის აუქციონზე 10.8 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

ნატალია გონჩაროვას სტილი შთაგონებული იყო ფუტურიზმითა და კუბიზმით. თუმცა, იგი ცნობილია, როგორც ავანგრდის წარმომადგენელი.

5. ჯენი სევილი, Propped 

Jenny Saville, Propped. Image source: Widewalls.ch

1992 წელს შექმნილმა ნახატმა Propped (საყრდენზე) ჯენი სევილს ყველაზე ძვირადღირებული ცოცხალი ქალი მხატვრის ტიტული მოუტანა.

ნამუშევარს ბოლო 30 წლის მანძილზე ბრიტანელი მხატვრის მიერ შექმნილი ყველაზე გავლენიანი და ღირსშესანიშნავი ნახატი უწოდეს.

Propped ჯენი სევილმა 22 წლის ასაკში შექმნა. შესრულებულია ტილოზე ზეთის საღებავებით.

სწორედ ამ ნახატმა მოუტანა მხატვარს მსოფლიო აღიარება. როდესაც 1992 წელს ნამუშევარი Times Saturday Review-ს გარეკანზე აღმოჩნდა, ცნობილი კოლექციონერი ჩარლზ სააჩი იმდენად მოიხიბლა, რომ მხატვარი ქალის ყველა ნამუშევარი შეიძინა.

6. ჯორჯია ო’კიფი, Jimson Weed / White Flower No. 1 

საუკეთესო ნახატი
Georgia O’Keeffe, Jimson Weed / White Flower no. 1. Image source: Sotheby’s

ყველაზე ძვირადღირებული ქალი მხატვრის ნამუშევარი კი ბოლოსთვის შემოგინახეთ: ჯორჯია ო’კიფის თეთრი ყვავილი.

ო’კიფის (1887-1986) დამახასიათებელი სტილი მცენარეების, განსაკუთრებით კი ყვავილების ახლო ხედით ხატვა იყო დიდი ზომის ტილოებზე.

მხატვარმა ყურადღება ჯერ კიდევ 1928 წელს მიიქცია, როდესაც მისი დახატული ექვსი ყვავილი ჯამში 25.000 აშშ დოლარად გაიყიდა, რაც იმ დროისთვის ამერიკელი მხატვრის ნამუშევრებში გადახდილი ყველაზე მაღალი ფასი იყო.

2014 წელს კი სოტბის აუქციონზე 1932 წელს შექმნილი ნამუშევარი Jimson Weed / White Flower No. 1 (ლემა / თეთრი ყვავილი N1) 44.4 აშშ დოლარად გაიყიდა, რითაც ჯორჯია ო’კიფი ყველაზე ძვირადღირებულ ქალ მხატვრად იქცა.