ირენა სენდლერის მამაცი გული და ათასობით გადარჩენილი სიცოცხლე

0
219

90 წლის ირენა სენდლერი ყველასაგან მივიწყებული ცხოვრობდა, ვიდრე 1999 წელს კანზასელი მოსწავლეები მის შესახებ ძალიან მცირე ინფორმაციას არ გადააწყდნენ.

მოსწავლეებს სასკოლო პროექტის ფარგლებში უცნობი გმირების შესახებ უნდა მოეძიებინათ ინფორმაციები.

გოგონებმა ინტერნეტში მხოლოდ ერთი ბმული იპოვეს, რადგან მაშინ ინგლისურ ენაზე ირენას შესახებ სხვა ინფორმაცია უბრალოდ არ არსებობდა.

მოსწავლეებმა ირენას შესახებ არა მხოლოდ სასკოლო პროექტის დავალება შეასრულეს, არამედ პირადად დაუკავშირდნენ მას, მოიძიეს სრული ინფორმაცია მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ და ინტერნეტში განათავსეს.

სწორედ კანზასელი მოსწავლეებისა და ამერიკული მედიის წყალობით გახდა ირენას საქმიანობა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი და 2007 წელს ირენა სენდლერი ნობელის პრემიაზეც კი წარადგინეს.

საბოლოოდ, ნობელი სხვას მიანიჭეს, თუმცა ირენა საკუთარ თავს გმირად არასოდეს მიიჩნევდა.

ვინ იყო ირენა სენდლერი და როგორ გადაარჩინა 2500 ბავშვი?

ირენა სტანისლავა სენდლერი, ან როგორც პოლონურად გამოითქმის, სენდლეროვა, 1910 წელს დაიბადა და 2008 წელს, 98 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ირენა პოლონელი სოციალური მუშაკი იყო, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის მიერ დაპყრობილ ვარშავაში შეძლო, ებრაელ ობლებს დახმარებოდა.

1939 წელს ირენამ ებრაელებისთვის დახმარების გაწევა საკვებისა და თავშესაფრის უზრუნველყოფით დაიწყო.

ირენას მამა ერთ-ერთი პირველი პოლონელი სოციალისტი და ექიმი იყო. მის პაციენტებს უმეტესად ღარიბი ებრაელები წარმოადგენდნენ. ამ ფაქტმა დიდი გავლენა იქონია ირენას შემდგომ მოღვაწეობაზე. ალბათ მამის გავლენაც იყო, რომ მას ყოველთვის შესტკიოდა გული ებრაელებზე.

როდესაც ვარშავაში გეტო ჩამოყალიბდა, ირენა სენდლერმა გამოიყენა თავისი საქმიანობა და საბუთები, რათა დახმარებოდა ებრაელებს.

ირენას ჰქონდა პოლონელი სოციალური მუშაკის დოკუმენტები და ასევე გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის დოკუმენტები. იგი იყო არა მხოლოდ მედდა და სოციალური მუშაკი, არამედ ჟეგოტას წევრიც.

ჟეგოტა მიწისქვეშა ორგანიზაცია იყო, რომელი ებრაელთა დასახმარებლად შეიქმნა პოლონეთში და 1942-1945 წლებში ფუნქციონირებდა, ვიდრე პოლონეთი სრულად არ გათავისუფლდა.

ირენას ჟეგოტას ბავშვთა დანაყოფი ებარა.

ირენა ვარშავის სოციალური დახმარების დეპარტამენტში მუშაობდა, რომელმაც ირენას მონდომებით, ებრაელებისთვის ტანსაცმლის, მედიკამენტებისა და ფულის მიწოდება დაიწყო. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე მათ გამოგონილი ქრისტიანული სახელებით არეგისტრირებდნენ. ხოლო ყოველგვარი შემოწმების თავიდან აცილების მიზნით ებრაელ ოჯახებს გამოგონილ დიაგნოზებს უწერდნენ და ადვილად გადამდები, საშიში დაავადებების მარკით არეგისტრირებდნენ. ზოგს ტიფს მიაწერდნენ, ზოგსაც – ტუბერკულიოზს.

გეტოდან გაქცევა

როგორც სოციალური მუშაკი და მედდა, ირენა სენდლერი ყოველდღიურად ახერხებდა გეტოში შესვლას.

მას ჩუმად მიჰქონდა ებრაელი ოჯახებისთვის საკვები და მედიკამენტები, მაგრამ ხედავდა, რომ მდგომარეობა უარესდებოდა.

და ირენამ საშიში, მაგრამ თამამი გადაწყვეტილება მიიღო.

მან გადაწყვიტა, რადაც უნდა დასჯდომოდა, გეტოდან ბავშვები გაეყვანა. რაც შეიძლება ბევრი ბავშვი.

ჟეგოტას წვერების დახმარებით (დაახლოებით 30 მოხალისე), ირენამ 2500 ბავშვის მოტაცება შეძლო გეტოდან.

გამოპარებულ ბავშვებს ყალბ საბუთებს და გამოგონილ სახელ-გვარებს აძლევდა და ამით ჰოლოკოსტისგან იცავდა.

ბავშვების გადარჩენის პროცესი ბევრ რთულ და საშიშ ეტაპს მოიცავდა.

ირენას და მის თანამოაზრეებს უნდა მოეხერხებინათ ბავშვების გამოყვანა გეტოდან, რის შემდეგაც არანაკლებ სახიფათო და პრობლემური იყო მათი დაბინავება.

ბავშვებს პოლონელ ოჯახებს აბარებდნენ, თუმცა სულ უფრო ძნელი ხდებოდა ისეთი ოჯახების პოვნა, ვინც ყველაფერს გარისკავდა და გეტოდან გამოპარული ებრაელი ბავშვის შეფარებაზე იქნებოდა თანახმა.

ამ დროისათვის პოლონეთი გერმანიის მიერ იყო ოკუპირებული და თუ ვინმეს ებრაელების დახმარებაში შენიშნავდნენ, იმაზე მკაცრად და სასტიკად დაისჯებოდა, ვიდრე სხვა ევროპულ ქვეყნებში ხდებოდა.

ბავშვების გეტოდან გამოსაყვანად ირენა და მისი გუნდი სხვადასხვა მეთოდს მიმართავდნენ.

ყველაზე ხშირად სასწრაფოს მანქანას იყენებდნენ.

თუ ბავშვი ავად ხდებოდა და ან თავის მოცვენება შეეძლო, თითქოს ავად გახდა, გეტოს ტერიტორიიდან მისი გაყვანა ყველაზე ადვილი იყო.

ზოგჯერ ბავშვებს უბრალოდ სასწრაფოს მანქანაში მალავდნენ, ან ურიკებით გაჰყავდათ ტომარაში, ჩემოდანში ან სხვა მსგავს სათავსოში ჩამალული.

ირენა მეტი უსაფრთხოებისთვის ზაღლებსაც იყენებდა. ძაღლის ყეფას შეეძლო გადაეფარა ბავშვის ტირილი.

სენდლერს და მის გუნდს ხომ გეტოდან ყველა ასაკის ბავშვი გამოჰყავდა. ბავშვები კი შეშინებული იყვნენ და ის-ის იყო, საკუთარ ოჯახებს წყდებოდნენ.

ირენას მორალურად ძალიან უჭირდა, ეთხოვა დედებისთვის, ამ სახიფათო გზაზე მისთვის მიენდოთ შვილები. მაგრამ უკეთესი ბედი ბავშვებს გეტოში დარჩენით ნამდვილად არ ელოდათ.

ირენა ჰპირდებოდა ბავშვებს და მათ მშობლებს, რომ როდესაც ყველაფერი დასრულდებოდა, ბავშვებს მათსავე ნათესავებს, ან ოჯახის გადარჩენილ წევრებს დაუბრუნებდნენ.

ეს მშვილებელმა პოლონურმა ოჯახებმაც კარგად იცოდნენ.

ირენა თითოეული ბავშვის მონაცემებს დაშიფრულად იწერდა და ქილებში ინახავდა. ქილებს კი მიწაში ფლავდა.

მოზრდილ ბავშვებს ირენა წინასწარ ავარჯიშებდა და ქრიატიანულ საგალობლებს ასწავლიდა. გეტოს ტერიტორიაზე არსებული ძველი ეკლესიისა და სასამართლო შენობის გავლით ირენას მხოლოდ იმ ბავშვების გაყვანა შეეძლო, ვინც კარგად საუბრობდა პოლონურად. ეს ერთ-ერთი ყველაზე საშიში გზა იყო, რადგან დიდი ალბათობ არსებობდა, გზად პირდაპირ შეჩეხვოდნენ გერმანელ ყარაულებს და პირისპირ გაევლოთ შემოწმება.

დაპატიმრება და სასიკვდილო განაჩენი

1943 წელს ირენა დააპატიმრეს.

გესტაპო მისგან ინფორმაციის გაცემას მოითხოვდა. დაკითხვების დროს ახალგაზრდა მედდა სასტიკად აწამეს, ხელ-ფეხი აბსოლუტურად დაუმტვრიეს.

ქალი მაინც არ გატყდა და ინფორმაცია არ გასცა.

მაშინ მისი სიკვდილით დასჯა გადაწყდა. ფაქტობრივ, უკვე ყველგან გავრცელდა ამბავი, რომ ირენა სიკვდილით დაისაჯა. მაგრამ მისმა თანამოზარეებმა ბოლო წამს მოახერხეს გერმანელი ჯალათის მოსყიდვა და ცოცხალ-მკვდარი ირენა მოიტაცეს.

ირენა სენდლერი სიკვდილს გადაურჩა. იგი ომის დასრულებამდე იმალებოდა, თუმცა განაგრძობდა ბავშვების დახმარებას.

ომის დასრულებისა და საფრთხის გავლის შემდეგ კი ირენამ მიწაში დაფლული ქილები ამოიღო და ბავშვების ნათესავების ძებნა დაიწყო.

ირენა საკუთარ თავს გმირად არასოდეს მიიჩნევდა. პირიქით, სივდილამდე ტანჯავდა იმის განცდა, რომ საკმარისი ვერ გააკეთა. გამუდმებით იდანაშაულებდა თავს, იქნებ მეტი ადამიანის გადარჩენა იყო შესაძლებელი და ვერ მოახერხა.

ირენა სენდლერი / სენდლეროვა 98 წლის ასაკში გარდაიცვალა.