როგორ ავირიდოთ თავიდან Facebook-ზე დღგ 18%?

0
576
person holding silver iphone 6

რატომ ვიხდით მეტს Facebook რეკლამისთვის? როდის ან რატომ გაძვირდა? როგორ ავიცილოთ თავიდან დამატებითი დაბეგვრა?

2021 წლის ოქტომბრიდან Facebook-ზე რეკლამის შესყიდვისას, ანუ, რეკლამის გაშვებისას შენიშნავდით, რომ გადასახდელი თანხა იმაზე მეტი მოდის, ვიდრე მანამდე.

რატომ?

საქმე იმაშია, რომ ციფრული სერვისების მომწოდებელ რამდენიმე უცხოურ, არარეზიდენტ კომპანიას, მათ შორის, Facebook-ს, დაეკისრა საქართველოს ბიუჯეტში დამატებითი ღირებულების გადასახადის, დღგ გადახდა.

Facebook-ს საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ დღგ-ს გადახდა დაეკისრა

როგორ აისახა ეს ჩვენზე?

თუ აქამდე Facebook-ის ინვოისში VAT 0 გეწერათ, ახლა 18% გამოგიჩნდებათ.

ანუ, მაგალითისთვის, თუ აქამდე 100$ უთითებდით სარეკლამო ბიუჯეტს, ხარჯავდით 100$-ს და იხდითით 100$-ს, ახლა ყოველ გახარჯულ 100$-ზე გადაიხდით 100$+18$, ანუ 118$-ს.

ვინ იხდის ამ დამატებით 18%-ს?

რეალურად, ამ გადასახადს იხდის ყველა, ვინც ყიდულობს ფეისბუქის რეკლამას, მაგრამ იმ პირებს, ვინც რეკლამას ყიდულობს კომერციული საქმიანობისთვის, ევალებათ, რომ მონიშნონ სპეციალური გრაფა (რასაც ქვემოთ გაჩვენებთ), რის შემდეგაც ფეისბუქი ინვოისში აღარ შეიყვანს დღგ 18%-ს.

ნაბიჯი 1:

შედით გადახდებში ბიზნეს მენეჯერიდან.

ნაბიჯი 1

ნაბიჯი 2:

აირჩიეთ ბიზნესის დეტალები/ინფორმაცია

ნაბიჯი 2

ნაბიჯი 3:

მონიშნეთ, რომ რეკლამირებას ეწევით ბიზნესისთვის

ნაბიჯი 3

აუცილებლად გაითვალისწინეთ

აღნიშნული გრაფის მონიშვნის შემდეგ Facebook მოიხსნის პასუხისმგებლობას კონკრეტულად თქვენ მიერ მითითებული ბიზნესის სახელით საქართველოს მთავრობისთვის 18%-ის, დღგ-ს გადახდის შესახებ.

სამაგიეროდ, თქვენ აიღებთ საკუთარ თავზე ამ პასუხისმგებლობას.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ შესაძლოა, მობილური აპლიკაციიდან არ გიჩანდეთ, მაგრამ დესკტოპ ვერსიიდან აუცილებლად შედით და ზემოთ ნაჩვენები სქრინების რიგში მონიშნეთ იმ ბიზნესის მონაცემები, რომლისთვისაც ყიდულობთ რეკლამას, რომლის ბარათიც არის მიბმული, ანუ რომელიც იხდის რეკლამის თანხას.

ფეისბუქის მიერ გამოგზავნილ ინვოისში გამოჩნდება ამ ბიზნესის დეტალები, ანუ მის სახელზე გამოიწერება ინვოისი. ეს ხარჯი სწორად უნდა გაატაროთ ბუღალტრულად.

ბიზნესის მონაცემები ჩაწერეთ ისე, როგორც გაქვთ დაფიქსირებული საგადასახადოში: სრული დასახელება, მისამართი, საფოსტო ინდექსი.

თუ დღგ-ს გადამხდელი არ ვარ?

Facebook-მა თავიდანვე გაგვაფრთხილა, მე ამ საკითხზე რჩევებს ვერ მოგცემთ და თქვენს საგადასახადო ორგანოს მიმართეთო.

გთავაზობთ შემოსავლების სამსახურის პასუხს (01.11.2021):

“თუ დღგ-ის გადამხდელია პირი და იყენებს რეკლამას/მომსახურებას საქმიანობაში, უნდა დაადეკლარიროთ და გადახდა აღარ არის საჭირო, რადგან ჩათვლა შეგიძლიათ. თუ არ არის პირი დღგ-ის გადამხდელი, თავად უნდა დაბეგროს უკუდაბეგვრის დღგ-თი და გადაიხადოს ბიუჯეტში, ასევე წარადგინოს უკუდაბეგვრის ფორმა.

ინდ.მეწარმის შემთხვევაშიც, დამოკიდებულია დღგ-ის გადამხდელი ხართ თუ არა. თუ დღგ-ის გადამხდელი ხართ, მხოლოდ ადეკლარირებთ, ხოლო თუ არ ხართ დღგ-ის გადამხდელი, უნდა დაადეკლარიროთ და უკუდაბეგვრის დღგ-თი დაბეგროთ.

თუ ხართ ფიზიკური პირი, არამეწარმე, ამ შემთხვევაში თავად Facebook გიმატებთ 18% და დეკლარირება და დაბეგვრა აღარ არის საჭირო”.

თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით, დაგვიტოვეთ კომენტარი, მოგვწერეთ და შევეცდებით, გაგიწიოთ კონსულტაცია.

ასევე, მოგვწრეთ, რა თემაზე ისურვებდით შემდეგ სტატიას.