5 იდეა ვალენტინობის დღეს მარტო გასართობად

0
208
red and white wooden door

ანუ, როგორ შეიძლება გაატაროთ ვალენტინობის დღე სასიამოვნოდ და საინტერესოდ, თუ მარტოხელა ხართ

გაინტერესებთ, როგორ გავატაროთ ვალენტინობა, თუკი შეყვარებული არ გვყავს?

14 თებერვალს სიყვარულის, ანუ ვალენტინობის დღეს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აღნიშნავენ.

როდის, როგორ და რატომ დაიწყო ამ დღის აღნიშვნა, სხვა სტატიაში მოგიყვებით (იხილეთ ვალენტინობის ისტორია).

ახლა კი, მთავარი სხვა რამეა.

მიუხედავად იმისა, გყავთ თუ არა საყვარელი ადამიანი, იქნება ეს დროებითი თუ ხანგრძლივი, მუდმივი პარტნიორი, ახალი დაწყებული გაქვთ ფლირტი თუ მარტო ხართ (მიზეზს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა: შესაძლოა, ერთი ურთიერთობა დაასრულეთ და ახლის მოლოდინში და ძიებაში ხართ, ან ჯერ საერთოდ არც გქონიათ რაიმე ურთიერთობა), ვალენტინობა მაინც გეხებათ.

დიახ! აი, ასე, მოდის დაუკითხავად და იძულებულს გხდით, მასზე იფიქროთ.

ზოგი რამდენიმე დღით ადრე იწყებს იმაზე ზრუნვას, სად იპოვოს საუკეთესო საჩუქარი პარტნიორისთვის (იდეებისთვის გადახედეთ ჩვენს სტატიას 15 საუკეთესო საჩუქარი მამაკაცისთვის), ზოგი ადამიანი კი კატეგორიულად იწყებს მტკიცებას, რომ „ვალენტინობას არ აღიარებს“ და ამის გამო, თავის მართლებაც კი უწევს. ყველაზე მეტად კი, ეს დღე ალბათ მარტოხელებს არ უყვართ და მაინც, ყველაზე მეტად სწორედ მათ ეხება.

ვალენტინობის დღე

თებერვალია მაინც, თან უკვე შუა თებერვალი. ზამთარი თითქმის გაილია (მერე რა, რომ საქართველოში მარტი ზამთარზე მეტად ზამთრობს), ჰაერში გაზაფხულის და რაღაც ახლის მოლოდინის ენერგია ტრიალებს, მზეც ანათებს, გარეთ გასვლა და სეირნობაც უნდა გიხაროდეს…

ყოველ შემთხვევაში, 2020 წლამდე და covid-19 მსოფლიო პანდემიამდე ასე იყო. გახვიდოდი ქუჩაში ეს თავმომწონე მარტოხელა და თავისუფალი ადამიანი და ყველგან ბუშტები, ყვავილები, გულები, ხელჩაკიდებული წყვილები…

მანამდე ხომ ტელეფონიც მესიჯებით უნდა წალეკოს ათასმა რეკლამამ და ყველგან ვალენტობა და სიყვარული გაძახონ.

ყველაზე მეტად ამ დროს გახსენდება ახლობლების და ნათესავების „მარტო როდემდე უნდა იყო?“ ფრაზები, განცდა გიჩნდება, რომ ყველგან გხედავენ, ყურებში მათი ხმა ჩაგესმის…

ალბათ სწორედ ამიტომ არის, რომ ვალენტინობის დღეს ბევრი მარტოხელა უგუნებოდაა, შინაგან შფოთვას და უხერხულობას გრძნობს, თითქოს საზოგადოების წინაშე რაღაც ვალშია ან დამნაშავეა.

woman sitting on black chair in front of glass-panel window with white curtains

როგორც ლიცენზირებული ფსიქოთერაპევტი და ცხოვრების ქოუჩი Tess Brigham აღნიშნავს, ვალენტინობის დღეს მარტო ყოფნა სულაც არ არის დრამატული და რაც მთავარია, ამ ერთმა დღემ არ უნდა განსაზღვროს, თუ როგორ აღიქვამთ საკუთარ პიროვნებას.

ამ დღეს დაივიწყეთ შეკითხვა: რატომ არ მყავს შეყვარებული?

გასაგებია, რომ ეს სიყვარულის დღეა. მაგრამ რა არის სიყვარული?

სიყვარული შესაძლოა, იყოს მეგობრების, ოჯახის წევრების, ან საკუთარი თავის სიყვარული და ამ დღის სასიამოვნოდ გატარება პარტნიორის გარეშეც შეიძლება.

გთავაზობთ რამდენიმე იდეას, როგორ გაატაროთ ვალენტინობის დღე მარტომ და თან სასიამოვნოდ.

ვალენტინობის დღე

1გახსენით საუკეთესო ღვინის ბოთლი

valentinobis dRe

თუ საუკეთესო მარკის, ძვირადღირებული ღვინის ბოთლი რაღაც განსაკუთრებული შემთხვევისთვის გაქვთ გადანახული, ახლა საუკეთესო დროა მის გასახსნელად.

როდესაც საღამოს სხვასთან ერთად გატარებას გეგმავთ, უდიდესია იმის ალბათობა, რომ არაფერი წავიდეს ისე, როგორც დაგეგმეთ.

ბოლოს იმედგაცრუელი, ნერვებმოშლილი და ნაწყენი შეიძლება დარჩეთ და ის განსაკუთრებული ღვინოც დაგენანოთ, რომელსაც იდეალური საღამოსთვის ინახავდით.

საკუთარ თავთან კი ასეთი საფრთხე არ არსებობს.

გახსენით და ისიამოვნეთ, რადგან საუკეთესოს იმსახურებთ.

პ.ს. თუ არ სვამთ და ალკოჰოლს ერიდებით, დევიზი, რომ საუკეთესოს იმსახურებთ, კვლავ ძალაში რჩება.

ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ, ძვირადღირებული ღვინის ნაცვლად ფული ბრენდულ კოსმეტიკაში ან თავის მოვლის საშუალებებში დახარჯოთ და საკუთარი თავი გაინებივროთ. ანდაც გამორჩეული რესტორნიდან შეუკვეთოთ საყვარელი კერძები.

მთავარია, რაღაც ისეთი გამოიწეროთ, რასაც ჩვეულებრივ დღეებში არ იზამდით.

2გაინებივრეთ თავი ახალი სექს სათამაშოთი

იმისთვის, რომ ვალენტინობის დღეს სექსუალური სიამოვნება მიიღოთ, პარტნიორის ყოლა აუცილებელი არ არის.

გაინებივრეთ თავი ახალი ვიბრატორით ან სექს სათამაშოთი.

ბოლოს და ბოლოს, ჩვენზე უკეთ არავინ იცის, როგორ უნდა გვასიამოვნოს.

3დაურეკეთ მეგობარს

ვალენტინობის დღე

„ჩვენი საზოგადოება ზედმეტად არის ფოკუსირებული დაწყვილებაზე და ურთიერთობებში განსაზღვრული როლების ქონაზე“, – ამბობს Tess Brigham. გადაავლეთ თვალი თქვენს სამეგობრო წრეს, დაურეკეთ მარტოხელა მეგობარს, მოიკითხეთ და გული იჯერეთ მასთან საუბრით.

4მისწერეთ წერილი ყოფილ შეყვარებულს და დაწვით

man in brown zip up jacket reading book

თუმცა, წერილის დაწვისას სიფრთხილის ზომებს მიმართეთ. მაინც არ ღირს ცეცხლთან თამაში.

როგორც ფსიქოლოგები გვირჩევენ, გულში ჩარჩენილი სათქმელის ამოთქმა თერაპიის კარგი საშუალებაა.

თუკი გული გაქვთ გატეხილი წინა ურთიერთობის გამო ან ჯერ კიდევ გრძნობთ ბრაზს, გამოიყენეთ ეს დღე ნეგატიური ემოციებისგან გასათავისუფლებლად.

და ვინ იცის, იქნებ სწორედ ამით გაუხსნათ გზა ახალ და უკეთეს ურთიერთობებს.

მაგრამ, როგორ მოვიქცეთ, თუ სათქმელი ბევრი დაგვრჩა, მაგრამ პირისპირ ვეღარ მივახლით მას, ვისაც ეს ყველაფერი ეხება?

გეცნობათ განცდა, როდესაც გონებაში ათასჯერ ატრიალებ ჰიპოთეტური შეხვედრის სცენარს და ისევ და ისევ ეუბნები ყველაფერს, რაც დაგიგროვდა? და ასე, შეხვედრის მოლოდინში უკვე აკვიატებადაც იქცევა წინასწარ მომზადებული სათქმელი, ფიქრების დიდ ნაწილს იკავებს, დროს და ემოციას გართმევს.

საკმარისია!

აიღეთ ფურცელი და დაწერეთ ყველაფერი. სულაც არაა საჭირო წარმოსახვითი შეხვედრის სცენის ხელახლა წარმოდგენას მომდევნო საღამოც გააფუჭებინოთ. დაწერეთ ყველაფერი, რისი თქმაც მისთვის გსურთ.

ბოლოს კი ადექით და დაწვით ეს წერილი. წარმოიდგინეთ, რომ ფურცლებთან ერთად ყველა ცუდ მოგონებას წვავთ და გზას უთავისუფლებთ ახალ, ნათელ დღეებს.

5დაესწარით ხელოვნების ონლაინ გაკვეთილს

როგორც ჩანს, წელს 14 თებერვლისთვის კვლავ აქტუალურია დისტანციისა და უსაფრთხოების ზომების დაცვა. ამიტომ, ახალი რამეების შესწავლაც ონლაინ გვიწევს.

თუმცა, მთავარი შედეგია.

თანაც, ონლაინ რეჟიმი საშუალებას გვაძლევს, ლექციას თუ მასტერკლასს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დავესწროთ.

ხოდა, რატომაც არა.

ხელოვნება ხომ თერაპიის შესანიშნავი და აღიარებული მეთოდია?!

შეარჩიეთ ისეთი გაკვეთილი, სადაც თქვენი ხელით რაიმე ახლის დამზადებას იწავლით. გამოიმუშავეთ ახალი უნარი და აღმოაჩინეთ საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები. იქნება ეს ხატვა, ძერწვა თუ ხელოვნების რომელიმე სხვა სფერო.

ამით თქვენ სამმაგ სიამოვნებას მიიღებთ:

  • დროს დაუთმობთ სასარგებლო საქმიანობას
  • შეიძენთ ახალ ცოდნას
  • დატკბებით იმის ყურებით, თუ როგორ შეიქმნება თქვენს თვალწინ რაღაც ახალი. თანაც, თქვენი საკუთარი ხელით.

და მეოთხე, კინაღამ გამოგვრჩა, გაკვეთილზე შექმნილი ხელოვნების ნიმუში შეგიძლიათ, საკუთარ თავს აჩუქოთ.

ესეც ვალენტინობის საჩუქარი.

თქვენ რა გეგმები გაქვთ 14 თებერვალს?