რა არის კლინიკური დეპრესია და როგორ ამოვიცნოთ ის

0
642
woman looking at the floor

რა არის კლინიკური დეპრესია? რა ნიშნები ახასიათებს მას? რა არის დეპრესიის სიმპტომები და როგორ მოვიქცეთ ამ სიმპტომების აღმოჩენისას?

„მე იმ ქვეყნიდან ვარ, სადაც დეპრესიას უბრალოდ ცუდ ხასიათად თვლიან…“

– ოჯახური ცხოვრება. ახილ შარმა

ახილ შარმა წარმოშობით ინდოელი ამერიკელი მწერალია.

ახლა მის ლიტერატურულ ნაწარმოებებს არ განვიხილავთ, თუმცა ამ ციტატაზე ნამდვილად ღირს ყურადღების გამახვილება.

არა მხოლოდ ინდოეთში და თან მწერლის ბავშობის პერიოდში (შარმა დღეს 49 წლისაა), არამედ დღევანდელ საქართველოშიც ბევრი ადამიანი თვლის, რომ დეპრესია უბრალოდ ცუდი განწყობა, ცუდი ხასიათი ან მძიმე ხასიათის გამოვლინებაა.

რა არის დეპრესია?

ამერიკელ ფსიქიატრთა ასოციაციის განმარტებით, დეპრესია სერიოზული დაავადებაა და ის ზეგავლენას ახდენს ადამიანის განცდებზე, ფიქრებსა და ქმედებებზე.

მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ დეპრესია სამედიცინო ტერმინია და ცუდი ან სევდიანი წამიერი განწყობებისგან განსხვავებით მას ხანგრძლივი პერიოდით ახასიათებს დაღმავალი განწყობა. დეპრესიული პერიოდი შესაძლოა რამდენიმე დღეს, კვირას ან თვესაც კი გაგრძელდეს.

დეპრესია

გამომწვევი მიზეზები

დეპრესიას არ აქვს მხოლოდ ერთი გამომწვევი მიზეზი და ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა, რამდენიმე ფაქტორის ურთიერთ ზემოქმედებამაც მოახდინოს დაავადების პროვოცირება.

აშშ-ს მენტალური ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის მონაცემებით, დეპრესია აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული მენტალური აშლილობაა.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, კლინიკური დეპრესია ადამიანს ნებისმიერი ასაკში შეიძლება, განუვითარდეს. თუმცა, უფრო ხშირად ის ზრდასრულებს ემართებათ.

ბავშვებსა და მოზარდებში კლინიკური დეპრესია შედარებით განსხვავებული სიმპტომებით ვლინდება და უმეტესად გამოხატული გაღიზიანებადობა ახასიათებს.

დეპრესია შესაძლოა გამოიწვიოს გენეტიკური, ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური ფაქტორებისა და გარემო პირობების კომბინაციამ.

რისკ ფაქტორებს წარმოადგენს სერიოზული ემოციური გავლენები, მაგალითად:

  • საყვარელ ადამიანთან დაშორება
  • ფინანსური პრობლემები
  • ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები
  • კარიერასთან დაკავშირებული პრობლემები და ა.შ.

ასევე, ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი მოვლენები შესაძლოა, კლინიკური დეპრესიისკენ მიდრეკილ ადამიანებში მისი გამწვავების მიზეზად იქცეს.

სიმპტომები

  • დეპრესიული განწყობა
  • დანაშაულის განცდა ან თვითშეფასების დავარდნა
  • ინტერესის დაკარგვა
  • პესიმისტური განწყობები
  • გადაღლილობის განცდა
  • ძილის დარღვევა
  • ფსიქომოტორული დარღვევები
  • მადის ცვლილება
  • წონის კლება
  • შთოთვა
  • გაღიზიანებადობა (ძირითადად, მამაკაცებში და მოზარდებში)
  • ემოციებზე კონტროლის დაკარგვა
  • კონცენტრაციის უნარის შემცირება
  • გახშირებული ფიქრი სიკვდილზე
person wearing round silver-colored analog watch with leather band sitting near another person

გამოსავალი / მკურნალობა

იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული სიმპტომებიდან რამდენიმე გიფიქსირდებათ და რომელიმე მათგანი ორ კვირაზე მეტხანს გაგიგრძელდათ, არსებობს რისკი, რომ თქვენ დეპრესია გაქვთ.

როგორ მოვიქცე, თუ დეპრესიის ნიშნები მაქვს?

პირველ რიგში, გახსოვდეთ, რომ დეპრესია ექვემდებარება მკურნალობას.

არ არის საჭირო, რომ დაავადებას თქვენი ცხოვრების გაკონტროლების უფლება მისცეთ.

სიმპტომების გამოვლენისთანავე რაც უფრო მალე მიმართავთ სპეციალისტს და დაიწყებთ მკურნალობას, მით უფრო მარტივად ჩამოიტოვებთ უკან ნაცრისფერ დღეებს და ცხოვრებით დატკბებით.

მნიშვნელოვანია, აღიაროთ, რომ დეპრესია გაქვთ და ითხოვოთ სპეციალისტის დახმარება.

რას მოიცავს მკურნალობა?

მკურნალობა, შესაძლოა, მოიცავდეს მედიკამენტურ თერაპიას, ფსიქოთერაპიას, საუბრის თერაპიას, ცხოვრების სტილის ცვლილებებს. რიგ შემთხვევებში, მკურნალობა რამდენიმე კომპონენტს აერთიანებს. ამას კომპეტენტური სპეციალისტი გადაწყვეტს, როდესაც შესაბამის კვლევებს ჩაგიტარებთ და თქვენი მკურნალობის გეგმას გაწერს.

გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ადამიანი ინდივიდია, და ამასთანავე, კლინიკურ დეპრესიას მრავალი გამომწვევი მიზეზი აქვს, დაწყებული გენეტიკურიდან, დასრულებული სხვა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების გვერდითი მოვლენებით, აუცილებელია, რომ კლინიკური დეპრესიის თითოეული შემთხვევისთვის მკურნალობის ინდივიდუალური გეგმა შემუშავდეს.

ამიტომ, ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ მედიკამენტები თვითნებურად.

გახსოვდეთ, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სხვისი სიმპტომები თქვენსას ძალიან ჰგავს, არ შეიძლება მისთვის დანიშნული მედიკამენტების თქვენთვის მიღება.

მიმართეთ შესაბამის სპეციალიტს დროულად და მალე დატკბით სრულფასოვანი ცხოვრებით.